31მაი
2020
მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე


31 მაისი - მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 1987 წლიდან აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. 

2020 წლის თემაა: ახალგაზრდა თაობის დაცვა თამბაქოს მოხმარებისგან, რაც გულისხმობს მათთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას თამბაქოს მავნვებლობის შესახებ.

 

თამბაქოს კვამლი შეიცავს ბევრ მავნე ნივთიერებას, რომელთა შორის ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე ნიკოტინია.

 

თამბაქოს დიდი რაოდენობით მოხმარება სიმსივნური დაავადებების განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ის ზრდის ფილტვის, კუჭის, თირკმლის, პანკრეასის, საშვილოსნოს კიბოს წარმოქმნის რიკს.

 

მოწევა განსაკუთრებით მავნეა გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ნიკოტინი ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას, რაც ქმნის ინფაქტის და ინსულტის  საშიშროებას.

 

თამბაქოს მოხმარება ორსულობის დროს იწვევს:  ნაყოფის დაზიანებას, ნაადრევ მშობიარობას, რაც ხშირ შემთხვევაში სრულდება ახალშობილის დაღუპვით. მოწევა ხელს უშლის  ნაყოფის განვითარებას, რის შედეგადაც  მკვეთრად მცირდება ახალშობილის წონა და იზრდება გულის თანდაყოლილი დაავადებების რისკი. მოწევა აფერხებს ტვინის ფუნქციონირებას, რაც შემდგომში უარყოფითად აისახება ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე.

 

თამბაქოს მომხმარებელთა ერთ-ერთ პრობლემას მხედველობის გაუარესება წარმოადგენს. კვამლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებები აღიზიანებს ლორწოვან გარსს. მხედველობის უეცარი გაუარესება ან დაკარგვა, პროცენტულად მეტწილად სწორედ მწეველ პაციენტებს აღენიშნებათ. მხედველობის პრობლემები განსაკუთრებით მკვეთრად არის გამოხატული დიაბეტის მქონე მწეველ პაციენტებში.

 

თამბაქოს მოხმარების შეწყვეტიდან:

 

20 წუთში - აჩქარებული გულისცემა დაუბრუნდება ნორმას, სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება და წნევა დარეგულირდება;

 

8 საათში - სისხლში ნიკოტინის და ნახშირბადის მონოქსიდის დონე შემცირდება, ხოლო ჟანგბადი ნორმას დაუბრუნდება;

 

48 საათში - დაქვეითებული რეცეფტორების ფუნქციონირება გამოსწორდება, რის შედეგადაც გაუმჯობესდება გემოს და სუნის შეგრძნება;

 

3 დღის შემდეგ - სასუნთქი სისტემა უკეთ დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც დაგეხმარებათ ფიზიკური აქტივობის დროს სუნთქვის დარეგულირებაში;

 

2-3 წლის შემდეგ - ფილტვები ნაწილობრივ გასუფთავდება. თავს იგრძნობთ მეტად ენერგიულად, ხოლო გულს-სისხლძაღვთა დაავადებების განვითარების რისკი შემცირდება;

 

6 წლის შემდეგ -  მცირდება სიმსივნური დაავადებების რისკი;

 

15 წელიწადში - ფილტვის კიბოს განვითარების რისკი მწეველის და არამწეველის შემთხვევაში პროცენტულად გათანაბრდება.