24ივნ
2020
რა არის სეზონური ალერგია?


სეზონური ალერგია ეს არის მომატებული მგრძნობელობა მცენარეულ მტვერზე, რომლსაც ჩვენი იმუნური სისტემა გადაჭარბებულად პასუხობს, რაც ძლიერ შემაწუხებელი სიმპტომებით გამოვლინდება და  ცხოვრების ხარისხსა და  შრომისუნარიანობას მნიშნელოვნად აქვეითებს.  მცენარეული მტვერი დიდი ზომის მაკრო მოლეკულებია, რის გამოც ის  ძირითადად ზედა სასუნთქ გზებში კონცენტრირდება და ალერგიულ  ანთებას იწვევს.  ყველა მცენარეს სხვადასხვა ყვავილობის პერიოდი აქვთ, რის მიხედვითად შეგვიძლია სავარაუდო ალერგენზე მივიტანოთ ეჭვი. მაგალითად,  გაზაფხულის პერიოდში  ხემცენარეები და ბუჩქები ყვავიან, ზაფხულის ალერგია ბალახების ყვავილობასა და თიბვის პერიოდს ემთხვევა, სწორედ ამიტომ მას თივის ცხელებასაც უწოდებენ . შემოდგომით  გამოვლენილი სიმპტომები კი სარეველება ბალახების ყვავილობას უკავშირდება.

 

როგორ გამოვლინდება?

 

თუ თქვენ წელიწადის ერთიდაიგივე დროს გივლინდებათ  ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ჭარბი და  გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან, სერიული ცემინება, თვალების, ცხვირის, ყელისა და ყურების ქავილი, ძილის დარღვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სეზონური ალერგია გაქვთ.

 

როგორ ვუმკურნალოთ?

 

მის  მკურნალობაში 3 ძირითადი საფეხური არსებობს, ესენია:

 

  • ალერგენის მოცილება;
  • ფარმაკოთერაპია;
  • იმუნოთერაპია.

 

ალერგოლოგთან კონსულტაციის შემდეგ  სისხლში სპეციფიკური იმუნოგლობულინის განსაზღვრისა და კანის სინჯების  საშუალებით შესაძლებელია სეზონური ალერგიის გამომწვევი ფაქტორის დადგენა, რაც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, თუ როდის გამოვლინდება შემაწუხებელი სიმპტომები, ეს კი  ეფექტური და ხარისხიანი პრევენციული ღონისძებების ჩატარების საწინდარია. დამნაშავე მცენარის ყვავილობის პერიოდში უმჯობესია თუ:

 

  • დროის დიდი ნაწილს შენობაში გატარებთ, განსაკუთრებით მშრალ და ქარიან ამინდებში;
  • გარეთ გასვლის შემთხვევაში ატარეთ ნიღაბი, სათვალე და კეპი;
  • დახურეთ მანქანისა და სახლის ფანჯრები, გასაგრილებლად გამოიყენეთ კონდინციონერი;
  • სახლში მოსვლისთანავე  გაიხადეთ ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, რათა კანი და თმა გათავისუფლდეს ალერგენებისგან, გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ ფიზიოლოგიური ხსნარით რინოდუშისა და სპრეების საშუალებით;
  • ღამე, ძილის დროს  დახურეთ ფანჯრები და კარები;
  • მოერიდეთ დილის აქტივობებს, რადგან ამ დროს ჰაერში მცენარეული მტვრის მაღალი კონცენტრაციაა;
  • სახლი დაასუფთავეთ სველი წესით და გამოიყენეთ HEPA ფილტრის მქონე მტვერსასრუტები.

 

 

ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერადიკაციური (მოცილებით) თერაპია საკმარისი არ არის, სიმპტომების დამაკმაყოფილებელი კონტროლისთვის. პაციენტების უმეტესობა მედიკამენტურ მკურნალობას  საჭიროებს.  სეზონური ალერგიის ფარმაკოთერაპია სიმპტომების გამოვლენის სიხშირით, სიმწვავით, პაციენტის ასაკისა და თანმდევი დაავადებების არსებობით განისაზღვრება.